რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გიორგი გაზდელიანი მერიის ადმინისტრაციის, საკრებულოს წევრებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა გიორგი გაზდელიანის მრავალწლიან მენეჯერულ გამოცდილებას და აღნიშნა, რომ მისი პროფესიონალიზმი და ენერგია კიდევ უფრო მეტ წინსვლას და განვითარებას მოუტანს ლენტეხს.
აქვე აღსანიშნავია, რომ გიორგი გაზდელიანი გასული ოთხი წლის მანძილზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და მისთვის კარგადაა ცნობილი, თუ ღა გამოწვევების წინაშე დგას ქვემო სვანეთი და საზოგადოების მხარდაჭერით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებს.
გიორგი გაზდელიანმა ლენტეხელ ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ძლიერი და ერთიანი გუნდი, რომელიც იმოქმედებს საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ჩვენი მუშაობის შედეგები ხელშესახები გახდება ყველა ლენტეხელისთვის, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სტაბილურ და დინამიურ განვითარებას», — განაცხადა გიორგი გაზდელიანმა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი ესწრებოდნენ.




















