რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, შვილმკვდარ ქალბატონთან, გეგა კობახიძის დედასთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად შეხვდა.
მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები, — ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„არ გინდათ კითხვები, არ გვინდა არც — „სალომე, სალომე“, არც „მადლობა, მადლობა“. აქ ვართ ყველანი ერთი რამის გამო. ერთი, თუ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, რომელიც ყველას უნდა. მშვიდობა და სამართლიანობა,რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები. ამისთვის ვართ აქ, მშვიდად, წყნარად და არეულობის გარეშე.
ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი მეორე მოთხოვნას გააჟღერებს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ნათელა მაჭავარიანს, მან აქციაზე დაკავებულ და დაშავებულ ადამიანებზე ისაუბრა.
„მე, როგორც გეგა კობახიძის დედა, მაწუხებს ის დაპატიმრებული, ნაცემი და ნაწვალები ბავშვები. მე რაც გადავიტანე, არ მინდა, რომელიმე დედამ გადაიტანოს, მაგრად და კარგად იყავით, თქვენთან ერთად ვართ“, — განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნათელა მაჭავარიანი გახლავთ ქალბატონი, რომელსაც კომუნისტური რეჟიმის დროს შვილი დაუხვრიტეს. გეგა კობახიძე — «თვითმფრინავის ბიჭების» წევრი იყო, ჯინსების თაობიდან, რომელიც მეგობრებთან ერთად კომუნისტურ რეჟიმს დაუპირისპირდა.