თორმეტი წელია, რაც ეთნიკურად დასახლებულ მაღალმთიან სოფლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. 21 წლის დამწყებმა პედაგოგმა კარიერა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომხურენოვან სკოლაში დაიწყო. დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“ მონაწილეობა უნივერსიტეტში მოსმენილი პრეზენტაციის შემდეგ მიიღო.
მაღალი კონკურენციის გარდა, პროექტში მოხვედრა ბევრი სხვა წინააღმდეგობის გადალახვასაც მოითხოვდა. მათ შორის, ყველაზე დიდი გამოწვევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში საცხოვრებლად გადასვლა და იქ სრულიად განსხვაევულ გარემოსთან ადაპტირება იყო.
„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მონაწილეობა მივიღე კონკურსში, წარმატებით გავიარე გამოცდისა და გასაუბრების ეტაპები. ძალიან კარგად მახსოვს გასაუბრების ერთი მომენტი, როცა ვთქვი, ყველაზე შორსაც რომ გამიშვათ, მზად ვარ, წავიდე-მეთქი. მგონი, გარკვეულწილად, ამ სიტყვებმა განსაზღვრა ჩემი მომავალი.
ამის შემდეგ ჩაგვიტარდა ტრენინგები და გამოგვიცხადეს, ვინ სად უნდა წავსულიყავით. მე გამანაწილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში. ჩემთვის არაფრის მთქმელი იყო ეს ინფორმცია,ერთი სომხური სიტყვაც კი არ ვიცოდი, თუმცა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან მიზანს მივაღწიე და ჩემი კარირის პირველი რთული ეტაპი დამოუკიდებლად გადავლახე.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, მაინც უარყოფითად მახსენდება საზოგადოების რეაქცია, როცა იგებდნენ, რომ ასე შორს, სხვა ეროვნების ადამიანთა გარემოცვაში ვაპირებდი სამუშაოდ წასვლას, სტერეოტიპების უდიდეს ტალღასთან შეჯახება და დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მომიწია, თუმცა, იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შევძელი.“- გვეუბნება თამარ დევდარიანი.
უკვე წარმატებული და გამოცდილი პედაგოგი, თავისი კარიერის პირველი საფეხურები პროფესიული ენთუზიამით აღსავსემ რომ გაირა, თანატოლ კოლეგებთან ერთად, საჭირო და საინტერესო თავგადასავალს უწოდებს: „თბილისიდან წალკის გზით წამოვედით. ეს იყო ზღაპრულ ქვეყანაში მოგზაურობა, სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდით, თითქმის ყველა ერთი ასაკის, დამწყები პედაგოგები, ვიდექით ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ძალიან გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა. ჩამოვედით ახალქალაქის რესურსცენტრთან, დაბნეულები ვიმეორებდით ჩვენი სკოლებისა და სოფლების სახელებს, სკოლების დირექტორებიც ეძებდნენ მათ სკოლებში მივლენილ პედაგოგებს. ეს მომენტი ძალიან ნიშანდობლივი იყო და ენობრივი ბარიერით გამოწვეული უხერხულობა ყველაზე კარგად იგრძნობოდა ამ მცირე დეტალით.

დღევანდელი მდგომარეობა ამ კუთხით გაცილებით უკეთესია, სახელმწიფო ენაზე ელემენტარული კომუნიკაცია უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩემს მასპინძელ ოჯახში მისვლის შემდეგ მომიწია უკვე იმ სირთულეების გააზრება, რომელიც შემხვდებოდა, პირველ რიგში კი, ენობრივი ბარიერი, ეს ნამდვილად ძალიან ართულებდა ადამიანებთან ურთიერთობას. საღამომდე ვიწვალეთ მე და მასპინძელი ოჯახის წევრებმა, რომ რამე გაგვეგო ერთმანეთის, თუმცა ბევრი ვერაფერი მოვახერხეთ.საღამოს ოჯახის უფროსი მოვიდა სამუშაოდან, ალბათ შეამჩნია ჩემი დაბნეულობა და დაძაბულობა, დაიწყო ქართულად საუბარი, ჯერ ყურებს არ ვუჯერებდი, როცა დავრწმუნდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ მას, მრავალი წლის წინ, ჯარში უსწავლია ქართული, ამან ძალიან გამიმარტივა კომუნიკაციის დაწყება“
- როგორც ვიცით, ენობრივი ბარიერის გარდა, პროექტში მოხვედრილ მასწავლებლებს ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწიათ. მათ შორის იყო ყოფითი თუ კულტურათშორისი განსხვავებულობით გამოწვეული საკითხები, ამის შესახებ გვიამბეთ:
- ორი წელი ჩემი სკოლის დირექტორთან ვცხოვრობდი, როგორც გითხარით, თავიდან ძალიან უჭირდათ ქართულად საუბარი, თუმცა რამდენიმე თვეში ჩემი ჩართულობით ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მასპინძელი ოჯახის ყველა წევრს შეეძლო ქართულ ენაზე კომუნიკაცია, ოჯახის ბავშვები კი თითქმის თავისუფლად საუბრობდნენ სახელმწიფო ენაზე, ეს იყო ჩემი პირველი დიდი მიღწევა. შემდეგ გავიცანი ქართული ენის ადგილობრივი პედაგოგი, რამდენიმე თვეში მისი შვილის ნათლია გავხდი, მათ ოჯახში გადავედი საცხოვრებლად და უკვე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.
- უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ჩემი პროექტელისგან განსხვავებით, მასპინძელი ოჯახების შემთხვევაში, ძალიან გამიმართლა, რის გამოც დღემდე მათი მადლიერი ვარ.

- სწავლა-სწავლების უწყვეტ პროცესში ხართ, ორ სკოლაში ასწავლით, არაფორმალური განათლების კუთხითაც ხართ ჩართული სხვადასხვა პროექტებში. მოსწავლეების გარდა კოლეგებთან და ზოგადად მთელ თემთან გიწევთ მუშაობა, ამ პროცესზე რომ მოგვიყვეთ.
- დიახ, აქ მუშაობის დიდი პრაქტიკა დამიგროვდა. პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიმუშავე ბევრი. საკვალიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე, სტატუსი ავიმაღლე, ტოლერანტობისა და პატივისცემის ნიშნად სრულფასოვნად შევისწავლე სომხური ენა. პროგრამის ფარგლებში “არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ ტურცხის საჯარო სკოლაში წამყვანი მასწავლებელი ვარ. აღნიშნული პროგრამა მრავალი წელია არსებობს და წარმატებით მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. პროექტის მასწავლებლების მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანია და ბევრ აქტივობას მოიცავს, როგორიცაა-სოციალური და სასწავლო პროექტები, კონფერენციები, ინტელექტუალური, სპორტული და სხვა ტიპის აქტივობები და ა.შ.
რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგებთან მუშაობას, ყველაზე მთავარი და შრომატევადი მიმართულება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებია, ამ კუთხით დგას ენობრივი, შინაარსობრივი და ტექნიკური დახმარების საჭიროება. ასევე, უმნიშვნელოვანესია ენის კურსები, რომელსაც ჩვენ პედაგოგებთან ვატარებთ, გარდა ენის შესწავლისა, აღნიშნული კურსებით მათ შეუძლიათ მიიღონ კრედიტი, რაც შემდგომ სტატუსის შეცვლაში დაეხმარებათ.

სკოლებში შექმნილია წრეები, რომელთა მიზანია ქართული ენის ფლობის დონის ამაღლება, ასევე, სხვადასხვა კუთხით მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა და მათი ცნობიერების ამაღლება. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რომელსაც პროგრამის თითოეული პედაგოგი ეწევა. განსაკუთრებით გამოირჩევა მოსწავლეთა დამოკიდებულება პროგრამის პედაგოგების მიმართ, ეს ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობის პრინციპს ეფუძნება. სწორედ ამგვარი დამოკიდებულებისა და დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა როგორც ენობრივი, ისე — სხვა მიმართულებითაც, ამას აღნიშნავს ყველა და ადასტურებს მოსწავლეების, მშობლების კეთილგანწყობა და ნდობა. ამრიგად, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პროგრამის მუშაობა წარმატებული და აუცილებელია კიდევ მრავალი წელი, რათა დაეხმაროს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ინტეგრაციასა და წარმატებაში. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ყოველი მომდევნო წელი უფრო დიდი პროგრესის მაჩვენებელია, ჩვენი მოსწავლეების უდიდესი ნაწილი სწავლას აგრძელებს ქართულ უნივერსიტეტებში და სახელმწიფო ენის როლი და მნიშვნელობა შესაბამის დონეზე დადგა. ჩემთვის დიდი პატივია ამ პროცესში მონაწილეობა.
ჩემი ისტორიის მოყოლა გადავწყვიტე, რადგან იმ გოგოებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას, ვუთხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არასდროს არაფრის შეგეშინდეთ, ყოველთვის დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ და ამით არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ცხოვრებასაც უკეთესობისკენ შეცვლით! — ამბობს საუბრის დასასრულს თამარი.

ესაუბრა ლიკა დევდარიანი