„მე ვარ სოსო მეშველიანი, მწერალი (თუმცა ეს უკვე პროფესიად არ ითვლება)”, — ჩვენი საუბარი სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო, როდესაც ვთხოვე, ჩვენი გაზეთის მკითხველს გაცნობოდა. როგორც გვითხრა, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტეზე სწავლობდა, რისი დამთავრებაც მიზეზთა გამო ვერ შეძლო. იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და საზღვარგარეთ წასულიყო.
ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. ბოლო დროს საქართველოს უფრო ხშირად სტუმრობს…
მართალია, ლექსებით ბავშვობიდან იყო გატაცებული, თუმცა წერა და მათი გამოქვეყნება მოგვიანებით დაიწყო.
გამოცემული აქვს ოთხი პოეტური და ორი პროზაული კრებული. რამდენიმე პრემიის ლაურეატი გახლავთ, მათ შორის კულტურის სამინისტროს პრემიის «ლიტერა»- ს, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის «მაჩაბელი» და თბილისის საკრებულოს პრემიის «თბილისი 2015» ლაურეატი.
მისი ლექსები 7 უცხოურ ენაზეა თარგმნილი, ბოლოს რამდენიმე ლექსი ესპანურ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა ესპანეთში გამოცემულ ანთოლოგიაში.ექსკლუზიური ინფორმაციაც გაგვანდო, რომ მალე მისი ლექსები და ნოველები, ესპანურად თარგმნილი, ცალკე წიგნად გამოიცემა.
- სოსო, უპირველესად, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ და გაიხსენეთ ლენტეხში გატარებული პერიოდი.
- რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო ბავშვობა მქონდა, იმდროინდელი მოგონებები დღემდე ფონად გასდევს მთელ ჩემს შემოქმედებას. მეტიც, დღემდე ასეთი დამოკიდებულება რომ არა ჩემი ბავშვობის მიმართ, ჩემი შემოქმედება მთავარ ნერვს დაკარგავდა.
რვა კლასამდე სოფელ ხოფურში ვსწავლობდი, ლენტეხში რომ გადავედი სასწავლებლად, ეს ის პერიოდია, როცა საბჭოეთი იშლებოდა, ყველაფერი უცებ აირია, ცხოვრება გაჭირდა, ჩემი ფერადი ბავშვობა კი უცებ რუხ ფერებში მოექცა. ეს პროცესი, ცხადია, აუცილებელი იყო, მაგრამ ყველაფრის დალაგებას დიდი დრო დასჭირდა. ჩემი აზრით, ჩემი თაობა ყველაზე ტრავმირებული თაობაა, სადღაც უფსკრულსა და თავისუფლებას შორის წლობით დაკიდებული. - ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ყველაზე თავისუფლად თავს თქვენს სოფელში გრძნობთ. რატომ? რა ემოცია გეუფლებათ იქ ყოფნისას?
- დიახ, ასეა. და აი ახლა თქვენს კითხვებზე რომ უნდა მეპასუხა, მხოლოდ სოფელში შევძელი ეს. თბილისი ძალიან მბოჭავს, იქ სულ უხალისოდ და დამძიმებული ვარ. საზღვარგარეთ მიუხედავად მძიმე ფიზიკური შრომისა, მაინც უფრო თავისუფალი მაქვს გონება, უფრო მევსება სათქმელით, თბილისი სრული სიცარიელეა.
- როგორც ვიცით, წლებია, უცხოეთში ცხოვრობთ. რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?
- ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტი უცხოეთში გავატარე, იყო პერიოდი, როცა წლობით არ შემეძლო სამშობლოში ჩამოსვლა, მოგვიანებით რეზიდენტი გავხდი და ახლა უმეტეს დროს აქეთ ვატარებ.
- როდის დაიწყო პოეზიასთან თქვენი ურთიერთობა?
- პოეზიასთან ჩემი ურთიერთობა უხსოვარი დროიდან იწყება. ვგულისხმობ იმას, რომ არც კი მახსოვს. ბაღიდან მოყოლებული, მიყვარდა ლექსი, მუსიკის მოსმენა, ნახატების თვალიერება, ეს ყველაფერი თავბრუს მხვევდა. მიყვარდა ბალახი, ყვავილი, ღელე, გაზაფხულის ხმები, შემოდგომის ფერები, ვიდექი გაშეშებული, ვუყურებდი, ვუსმენდი. აქედან მოყოლებული, რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემში. ლექსების წერა გვიან დავიწყე (მანამდე ვხატავდი), გამოქვეყნება კი — კიდევ უფრო გვიან.
- გაიხსენეთ პირველი ლექსი… ვინ იყო პირველი შემფასებელი? ვის და როდის გაუმხილეთ, რომ ლექსებს წერდით?
- პირველი ლექსები სადღაც აორთქლდნენ, გონებაში კი აქა-იქ თუ გაიელვებს ჟამიდან ჟამზე რომელიღაც გულუბრყვილო ლექსის სტრიქონები. «ჩრდილიც გასწორდა გადახრილ ნიგვზის, ქარს ვუშვერ ჭინჭრით დასუსხულ ხელებს, ის დედაბერი ისევე იქ ზის, ზის და დაჰყურებს ხრამსა და ღელეს.»
თხუთმეტი წელი ვმალავდი, რომ ვწერდი. გარემო, სადაც ვიზრდებოდი, ძალიან შორს იყო პოეზიისგან. მოგვიანებითაც, როცა გაიგეს, ძალიან არასერიოზულად აღიქვეს ჩემი პოეტობა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო მათთვის, დღემდე ვერ მიეჩვივნენ. მერე ახლობელმა დამიყოლია, ბაღათურ არაბულისთვის მეჩვენებინა, რომელიც ლენტეხელების სიძეა. ძალიან მოეწონა. ჩემი პირველი პუბლიკაციაც ჟურნალ «ცისკარში» შედგა, სადაც ის მუშაობდა. მერე ისე აეწყო, ლიტერატურულ სამყაროში ყველა კარი გაიღო ჩემთვის. - სად და როდის წერთ ყველაზე კარგად?
- მთელი ცხოვრება ზეპირად ვწერ, ზეპირად ვაწყობ ლექსის რამდენიმე ვარიანტს, მერე რომ ერთმანეთში იხლართებიან, ერთმანეთს იწოვენ, ერთ სახეს იღებს, მოგვიანებით გადამაქვს ფურცელზე, (დღემდე ფურცელზე ვწერ) ბოლო ხანს ცოტა მიჭირს ზეპირად წერა, მეხსიერების გაუარესების გამო. ბევრი რამე იკარგება, წერასაც ვუკელი. მაღიზიანებს, პირდაპირ რომ აკრეფენ და ინტერნეტ სივრცეში განათავსებენ ტექტებს, ეს ტექსტსაც ეტყობა, ცარიელია, არაფერი ახალი, გადაღეჭილი სახეები, მდარე ტექნიკა, არანაირი სიღრმე. თუმცა, მომწონებელი — იცოცხლე. ეტყობა, მთავარია, აქტიური უნდა იყო, მოიწონე ყველა და შენც მოგიწონებენ. მე, პირადად, თუ გონებაში სათქმელი მომწიფდა, სულერთია, სადაც ვიქნები: ხარაჩოზე, სათიბში თუ მეტროში, ერთნაირად შემიძლია წერა.
- როგორ შეაფასებდით 21-ე საუკუნის პოეზიას? პოეტებს?
- ბევრი საინტერესო ავტორია, თუმცა აქაც, როგორც სხვა ყველა სფეროში, ძალიან არეულია ყველაფერი, დაულაგებელი, რაღაც კლანებად დაყოფილი, პოლიტიკურად ერთმანეთს დაპირისპირებული, ჩემიან-სხვიასიანებად დაყოფილი… მოკლედ, ამ ყველაფრის დალაგებასაც დიდი დრო დასჭირდება.
- როგორც ვიცით, თქვენი ლექსები თარგმნილი და შეტანილია უცხოურ ქვეყნებში გამოცემულ კრებულებსა თუ ანთოლოგიებში. გვიამბეთ ამის შესახებ.
- დიახ, ჩემი ლექსები დღეისდღეობით 7 უცხოურ ენაზეა თარგმნილი, ბოლოს რამდენიმე ლექსი ესპანურ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა ესპანეთში გამოცემულ ანთოლოგიაში. ბარემ ექსკლუზიურად აქ ვიტყვი, რომ მალე ცალკე წიგნად გამოვა ესპანურად თარგმნილი ჩემი ლექსები და ნოველები.
- ჩვენთვის როგორც ცნობილია, დოკუმენტური პროზის კრებულიც გამოეცით. გვესაუბრეთ, რის შესახებ არის.
- ორი პროზაული კრებული მაქვს გამოცემული «ქუნარეშ» და «ალპური ყვავილები». პირველმა კრებულმა, ცოტა არ იყოს, მაეჭვიანა. ოცდახუთი წელია, ლექსებს ვწერ, სამი პოეტური კრებული მქონდა გამოცემული. ცხადია, უფრო პოეტად ვთვლი საკუთარ თავს და ამ სულ რაღაც ორ წელიწადში დაწერილმა წიგნმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, იმდენი გამოხმაურება მოჰყვა უკვე აღიარებული მწერლებისგან, სიხარულთან ერთად, უხერხულობის განცდაც გამიჩნდა. წიგნში ერთმანეთზეა გადახლართული სვანურ-ესპანური ამბები, არქაული და თანამედროვე, უძველესი სვანური ტრადიციები და ემიგრანტის თვალით დანახული თანამედროვე ესპანეთი.
- როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა?
- არ ვიცი, ეს წარმატება რამდენად მაქვს განცდილი, რომ ამაზე პასუხის გაცემა შევძლო. ჩემში მაინც ის გულწრფელობა და სიალალეა თვალშისაცემი, რაც ჩემს ნაწარმოებებში იგრძნობა და წარმატებული ლიტერატორების დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.
- რა გესიზმრებათ ყველაზე ხშირად? და რა გენატრებათ?
- ბავშვობა, სოფელი, ის მთა, სადაც მთელი ჩემი ყმაწვილკაცობა გავატარე. ვეება მსხლების ყვავილობა ნისლიანი ტყის დასაწყისში, ხშირად ამ სიზმრებიდან ამიკრეფია პოეტური სახეები. ბავშვობა მენატრება, უსაშველოდ მენატრება.
- გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები
- 16 წელია, დაოჯახებული ვარ, მყავს მეუღლე, პროფესიით იურისთი, თეა პირველი და ორი შვილი, მარიამი და გიორგი. თავს ვიკავებ, რომ ისინიც ემიგრაციაში წავიყვანო. მინდა, რომ შვილები საქართველოში გაიზარდონ…
- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, რა არის საყვარელი საქმიანობა, ჰობი, რომელსაც დროს სიამოვნებით უთმობთ?
- თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, თუ ცოტა დრო გამოვნახე მოგზაურობა მიყვარს, ალბათ ჩემი ჰობიც ეს არის.
- რას ეტყოდით ადამიანებს გზავნილის სახით?
- სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, არასდროს დაავიწყოთ თქვენს შვილებს მშობლიური ენა. ამის გარეშე არც იფიქროთ, სადმე რამეს მიაღწევთ.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- არასდროს არაფერს ვგეგმავ, მთავარია, თავისუფალ ადამიანად დავრჩე ბოლომდე.
- წარმატებებს გისურვებთ და გთხოვთ სახსოვრად თქვენი ავტოგრაფი დაგვიტოვოთ
ესაუბრა მარიამ ირემაძე




სოსო მეშველიანი
ყველაზე ჩუმი ლექსი
ხშირად ვიგონებ (თუ იქ არა ვარ)
სთვლისას და ბინდში ჭრაქების პარპალს,
ღამის მეხრეთა უხმო ქარავანს
და ზვინს, რომელიც წვიმაში დალპა.
მიკვირს, აქამდე როგორ გავძელი,
ასე მშვიდად და უფათერაკოდ,
ჯანდაბას ყველა ნაჯღაბნ-ნაწერი
და შენც გამცემო, ლექსო, ვერაგო.
მინდა, პერანგის ფართოდ გაწელილ
უბეში მწიფე მსხლები მელაგოს.
თუნდაც ბზიკები მკბენდნენ მუცელზე,
თუნდ ძლივს გავასწრო მეზობლის ნაგაზს,
სადღაც კუნტრუშობს ჩემი ბავშვობა,
ბოჩოლასავით მომწყდარი ბაგას.
როგორ დავშორდი, როგორ დამშორდა
ჩემი ბავშვობა,
ჩემი ბავშვობა.
ხშირად ვიგონებ (თუ იქ არა ვარ)
სთვლისას და ბინდში ჭრაქების პარპალს,
ღამის მეხრეთა უხმო ქარავანს
და ზვინს, რომელიც წვიმაში დალპა.
დრო და სივრცე
«დასაწყისი არ არსებობს,
არის მხოლოდ გაგრძელება»
უნამუნო
ირღვევა, წვრილი კენჭებივით ცვივა უფსკრულში,
მზეც დაიტანჯა საკუთარი უნიათობით.
კვლავ ჩაანაცვლა ოქროსფერი
ღამემ მუქლურჯით
და მოქცეულა სოფლის სივრცე, სოფლის ფართობი ძაღლის ყეფაში.
ღრმად ჩამხმარა ფრჩხილებში მიწა,
თვალებში ღამე. გრილ მიწიდან ვთხრიდით კარტოფილს.
ჯერ მთვარე იყოს, გაჩნდებიან ჩრდილები მერეც,
ცას ვუმზერ და ვგრძნობ ამბროზიას, რომელიც არ ჩანს.
ჯანდაბას ის, რაც თხუნელებმა ჩაზიდეს ბნელეთს,
მაინც კარგია, სულ ამაოდ არ შემრჩა გარჯა.
მწიფე მსხლის წვენით დათხუპნული ბავშვობის ჩათვლით
დასევდიანდა ყველაფერი, რაც უკან დარჩა.
მელიის ტყავი ბილბაოს ტავერნაში
ეს ფუმფულა და მბზინავი ბეწვი
მაგონებს ჩემი ბავშვობის ზამთარს,
დათოვლილ ხევებს, გაყინულ ღელეს,
ხმაც რომ მოყვება ღამეულ მგზავრთა.
უცებ უბრალო ფიქრის ნაპერწკალს
მოგონებები აქცევენ ნაღმად,
რომ ცხადად ვიგრძნო ჩემი ბავშვობა
როგორ მიყვება ჩირგვიან აღმართს…
მაგონებს ტყეს და ყინულის მწვანე
ლოლოებს მწვეთავს ფიჭვების ხავსზე,
მავიწყებს მძიმე დახიწვულ ყოფას,
მავსებს სევდით და ბავშვობით მავსებს.
მავსებს ტკბილ-მწარე წარსულის წლებით,
არც მთლად ზღაპრით და თეთრი გედებით…
უცებ მაფხიზლებს ბარმენის ხრინწი,
უხეშად:
- მორჩა! ჩვენ ვიკეტებით!