ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხელედიდან სკალდის მიმართულებით ძველი საავტომობილო (სამეურნეო) დანიშნულების გზის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
სკალდის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით. ასევე — იმ მომლოცველებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად სვანურ ტრადიციულ დღესასწაულზე „სკალდობაზე“ სტუმრობენ მონასტერს.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ,,ელიტ ბაილდერს გრუპი’’ ასრულებს, რომლის ღირებულება 301, 718 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილე ზვიადი ლობჟანიძემ მოინახულეს.
უძველეს ძეგლებამდე და ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.