ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ცანაში, ერთადერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის მონახულების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად ადგილზე ასვლა შეძლეს.
რამდენიმე დღე, ცანის მაცხოვრებელი კონტაქტზე არ გამოსულა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ ოჯახის წევრებთან, ერთობლივი ძალებით ხორციელდებოდა ყველა ხელთ არსებული რესურსის მობილიზება, რათა მაცხოვრებელთან პირადად მომხდარიყო დაკავშირება.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, მოძიებულ იქნა ‘’რაჭის დაცული ტერიტორიების სააგენტოს’’ საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკა, რომელიც 26 თებერვალს სამაშველო ჯგუფის დახმარებით გადაიყვანეს ცანის ტერიტორიაზე, თუმცა გზის რთული რელიეფიდან გამომდინარე, აღნიშნული ტექნიკით ვერ მოხერხდა გადაადგილება და სამაშველო ჯგუფებს მოუწიათ უკან დაბრუნება.
27 თებერვალს სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლებმა, ფეხით გაიარეს ურთულესი 15 კილომეტრიანი გზა, რასაც დაახლოებით 10 საათი დასჭირდა და შეძლეს პირადად მოენახულებინათ ცანის მკვიდრი- ლაშა ნიჟარაძე, რომელიც ამ დროისთვის უსაფრთხოდ იმყოფება.
ცანის მაცხოვრებლის დახმარების ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი.


