ბოლო ზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამავდროულად ამაღელვებელი დღეა მოსწავლეთათვის. ეს ის დღეა, როდესაც ყველა მეთორმეტე კლასელი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას იწყებს და რაღაც ახლის მოლოდინშია. მასწავლებლები, მოსწავლეები და ყველა ახლობელი ადამიანი სიამაყით, ბედნიერებითა და სევდით არიან გაჟღენთილნი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა . კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ზვიად ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი გაზდელიანმა, დირექციამ, პედაგოგებმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ქარდავამ დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ჩვენ თავად მეთორმეტეკლასელთა უშუალო განცდებით დავინტერესდით და რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა განცდები დაეუფლათ სკოლის დამთავრების შემდეგ?
ანანო ქურასბედნიანი — ერთი წელია, რაც მეორე სმენა ვართ, სხვა სკოლაში მოგვიწია დროებით გადასვლა და სკოლის დამთავრებაც. გული მწყდებოდა,რადგან ჩემი ძველი სკოლა მენატრებოდა.ჩემი კლასის კედლები,მერხი,სადაც ვიჯექი,თითოეული წარწერა,ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ცუდია ,რომ ამ მნიშვნელოვანი დღის გატარება სხვა სკოლაში მომიწია. რთულია იმის გაანალიზება, რომ განშორება გიწევს იმ ადგილთან, სადაც ამდენი წელი გაატარე და ამდენი მოგონება გაკავშირებს, რადგან ეს დღე ჩემს სკოლაში მქონდა წარმოდგენილი და ვერც ვიფიქრებდი, რომ სხვანაირად მოხდებოდა. ძალიან კარგი კლასელები მყავდა.არცერთთან არ მქონია კონფლიქტი. არანაირ ბულინგს არ ჰქონია ადგილი.მეგობრულები ვიყავით.მეთერთმეტე კლასელები ყველანაირად ეცადნენ,რომ კარგი ღონისძიება გამოსულიყო და ასეც მოხდა.სევდანარევი სიხარული გვქონდა.
თეკლა ონიანი — ჩემთვისაც სევდანარევი სიხარული იყო სკოლის დამთავრება. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას თან სდევს სიხარული,თან ამავდროულად დიდი სევდაც. ჩვენ ადრიდანვე დაგვეწყო სკოლიდან წასვლის სევდა და მართლა არ მესმის იმ ადამიანების,რომლებიც ამბობენ,რომ — ტყუილია სკოლა არ მოგენატრებათ.
იმდენად ახლო ადამიანები არიან ჩემთვის ჩემი კლასელები და მეგობრები, რომ ზუსტად ვიცი ქალაქში შეძენილი მეგობრები,აქაურ მეგობრებს ვერასდროს შემიცვლიან და ასეთი წრფელი ურთიერთობა ვერასდროს მექნება,როგორიც მათთან მაქვს. მადლობას ვუხდი დედაჩემს,რადგან მისი დამსახურებაა,რომ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს ჩემს ახლანდელ კლასელებთან.
სალომე გასვიანი — ახლაც ვერ ვიაზრებ,რომ სკოლა დავამთავრე.ძალიან უცებ გავიდა ეს ბოლო ერთი წელი.თითქოს გუშინ იყო აბიტურიენტობის დაწყების დღე.უკვე მენატრება სკოლა.ბოლო ზარზე რომ გაუშვეს ჩვენი ვიდეოკოლაჟი, ძლივს შევიკავე თავი,რომ არ მეტირა.
რა შეგმატათ სკოლაში გატარებულმა წლებმა?
თეკლა: პირველ რიგში ურთიერთობები.ყველა სახის ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა. თითოეული ადამიანი ცხოვრებისეული გაკვეთილივით არის.მე მეგობრობა,სიყვარული და ყველაფერი კარგი ჩემი კლასელებისა და სკოლისგან ვისწავლე.ეს ურთიერთობა სკოლის გარეთაც გრძელდება.
ანანო: კლასელები ყველანაირად ვცდილობდით ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და დავხმარებოდით ერთმანეთს.ყოველგვარი დამადლებისა და დაზარების გარეშე.შური და ბოღმა ჩვენში არასდროს ყოფილა.ჯიბრიც არასდროს გვქონია.შესაძლოა,ზოგს აქვს იმის კომპლექსი,რომ გაკვეთილს თუ ვერ მოყვება კარგად, კლასელები დასცინებენ,ჩვენთან მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა,პირიქით, ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს.
სალომე:სკოლა წარმოუდგენელია შატალოს გარეშე,რასაც ჩვენი მეთორმეტე კლასელებიც ძალიან ხალისიანდ იხსენებენ. ასევე მათ შორის იყო ისეთი მოსწავლე,რომელსაც რაღაც მიზეზის გამო არ უნდოდა წასვლა.კლასელებმა გაამხნევეს და შიშიც დააძლევინეს. დაასახელეს ადგილიც სადაც იყვნენ. მხიარულად გაიხსენეს მშობლების სატელოფონო ზარიც,რომლებიც დაბრუნებას სთოვდნენ. ამის მიუხედავად დღე არ გაიფუჭეს და ბოლომდე მხიარულად გაატარეს. ბევრი კარგი მმოგონება დაუტოვა იმ დღემ.
სად ხედავთ თქვენს თავს 10 წილს შემდეგ?
თეკლა: მე გეგმაში მაქვს, მივიღო ხარისხიანი განათლება. მსურს საზღვარგარეთაც გავიღრმავო ჩემი ცოდნა, მაგალითად გერმანიაში, თუმცა იქ დარჩენას არ ვფიქრობ, რადგან მინდა, რომ საბოლოოდ დავუბრუნდე ჩემს ფესვებს, ჩემს რაიონს, კონკრეტულად სოფელ ლაშხეთს. ჩემი სამომავლო ოჯახური ცხოვრებაც იქ წარმომიდგენია მყუდრო და ლამაზ გარემოში, ბევრი შვილით და შინაური ცხოველით.
ანანო: პირველ რიგში, მინდა, რომ კარიერულად განვვითარდე, სრულფასოვანი ცოდნა მივიღო ჩემს პროფესიაში. ვფიქრობ გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წასვლას. ბევრი ვიცი, რომ უცხო ქვეყანაში ჩასვლის შემდგომ სამშობლოში დაბრუნების სურვილი ნაკლებად აქვთ, თუმცა მე სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არც კი განვიხილავ, რადგან ძალიან მიყვარს და ვაფასებ ჩემს ქვეყანას. ყველანაირად ვეცდები მივიღო ისეთი განათლება, რომ ჩემს ქვეყანას და ლენტეხს მოვახმარო. წინასწარ რამის განსაზრვრა რთუილა თუ სად ვიქნები, თუმცა მთავარია, მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ მეც დავბრუნდე ჩემს რაიონს და წვლილი შევიტანო მის განვითარებასა და წინსვლაში.
სალომე: ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის,რომ საზღვარგარეთ დარჩენა და იქ ცხოვრება არ მინდა,თუმცა,თუ მექნება საშუალება,ცოდნის გაღრმავების მიზნით სიამოვნებით წავალ.ზუსტი პასუხის გაცემა მიჭირს.საბოლოოდ,ვიტყვი,რომ იმის მიხედვით ვიმოქმედებ,როგორც ჩემი ცხოვრება წარიმართება.
ესაუბრა მარიამ ჯამბურიძე

ანანო ქურასბედიანი

თეკლა ონიანი

სალომე გასვიანი
