ანა ლაშხელი ონიანი 1986 წლის 31 მარტს სვანეთში დაიბადა. სოფელ ჟახუნდერში მისი სახლია, მისი ჯიში და გენი.
,,არსად ცა ისეთი მაღალი არაა, როგორც სვანეთში, ლაშხეთში.
ეს არის ჩემი ბავშვობა, ჩემი მშობლები, ნათესავები, მეგობრები, საუკეთესო წლები, პირველი ნაბიჯები, პირველი შეხება კალამთან, ბევრი გათენებული ღამე, ოცნებებით სავსე ჩემი ბაბუას სახლი. იმერეთს რომ გავცდები, სხვანაირი განწყობა მოდის, მინდა, ბევრი ვისუნთქო ჰაერი… „ხარბადა“. — ასეთი სიყვარულით წერდა მწერალი სვანეთში გატარებულ წლებზე.
დღეს ანას თაყვანისმცემლებმა და ადგილობრივებმა პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს უდროოდ წასული მწერლის შემოქმედება. ისაუბრეს მისი მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდული სახლის დირექტორი, ლუიზა ხვადაგიანი უძღვებოდა, თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩატარდა.
წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ერთმანეთს თბილი მოგონებები გაუზიარეს. თითოეული გამომსვლელის მიზანი იყო, მსმენელამდე მიეტანა ანას კეთილი სული, ემოცია, განცდა.
პოეტისა და პროზაიკოსის, ანა ლაშხელი-ონიანის სახელი დროის გასვლასთან ერთად, უფრო დიდი გახდება.
ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, მწერლის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

